არქიტექტურული კონცეფციების შეფასების კომისიამ ამბროლაურისა და ახალციხის პარკების განვითარების პროექტები განიხილა
3 დეკემბერი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროში არქიტექტურული კონცეფციების შეფასების კომისიამ ამბროლაურსა და ახალციხეში თანამედროვე, მრავალფუნქციური და კომფორტული საჯარო სივრცეების - პარკების - განვითარების წინადადებები განიხილა.
განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ბათუ გურჯიძემ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ახალციხის მერმა ვარლამ წიკლაურმა და ხელოვნებათმცოდნეების ჯგუფმა.
ამბროლაურის (რიონისპირის) პარკის განვითარებისთვის წარმოდგენილი იყო ოთხი კონცეფცია და ახალციხის ცენტრალური პარკის ხუთი წინადადება.
ამბროლაურის პარკის წინადადებებები მოიცავდა შემეცნებით-გასართობი პარკის მოწყობას, ხელოვნური ტბის ირგვლივ მრავალფუნქციური სივრცეების განვითარებას, ასევე სათამაშო, სპორტული და პავილიონების ზონების ინტეგრაციას.
ახალციხის ცენტრალური პარკის განვითარების ფარგლებში, წარმოდგენილი კონცეფციები ითვალისწინებდა ამფითეატრის მოწყობას, საბავშვო, გასართობ, სარეკრეაციო და ცერემონიების სივრცეების ფორმირებას, ასევე თანამედროვე ურბანული ინფრასტრუქტურის შექმნას.
კომისია დეტალურად შეაფასებს ყველა წარმოდგენილ წინადადებას და რამდენიმე დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას. გამარჯვებული კონცეფციის ავტორებთან გაფორმდება ხელშეკრულება დეტალური არქიტექტურული პროექტის შესამუშავებლად.